logo
დახურვა
ინსაითები

ინსაითები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცვალებადი აღქმა, როგორ გავაგრძელოთ მამონტებზე ნადირობა

ევოლუცია სპირალურად პროგრესირებადი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა წინ მიიწევს და მისი განვითარების ეტაპები პერიოდულად მეორდება, ან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 21-ე საუკუნეში, მზარდი ტექნოლოგიური და პიროვნული განვითარების მიღწევათა ფონზე, ადამიანი იძულებული გახდა პერსონალური კომპიუტერითა და სმარტფონით ისევ „გამოქვაბულში“ შეკეტილიყო, რითაც დროებით შევაჩერეთ და მხოლოდ ინტელექტუალური რესურსის ხარჯზე ვავითარებთ პარალელური საცხოვრებელი პლანეტის ათვისების იდეას. ადამიანს იმედი აქვს, რომ ჩვეულ ყოველდღიურობას დაიბრუნებს, რომელშიც დილით საუზმობს, შემდეგ სამსახურში მიდის, შესვენებაზე კაფეში, სამსახურიდან მარკეტში, მარკეტიდან სახლში, სახლიდან ბარში და დილით ისევ საუზმეს იმზადებს. ამ მარტივ ცხოვრებისეულ მოვლენათა ჯაჭვს ადამიანი საუკუნეების განმავლობაში აწყობდა, ეტაპობრივად ავითარებდა და ახლა არავის სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ერთეულებია - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესსფეროები, რომელთა უმეტესობას ახლა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული. ჩვენ დავინტერესდით, შეიცვალა თუ არა კრიზისის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. პასუხისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩავწერეთ, რის საფუძველზეც აღქმის შემდეგნაირი ანთროპოლოგიური სურათი შევქმენით:

1. საკუთარ გამოქვაბულში

საფრთხის შეგრძნებამ და გარეთ შექმნილმა გაურკვეველმა ვითარებამ ადამიანი აიძულა გამოქვაბულის სახით გარკვეული თავშესაფარი ეპოვა და ყოველთვის იქვე მიბრუნებულიყო, რადგანაც მასთან მისასვლელი გზა იცოდა. თავზე ჭერმა, როგორც ბუნებრივი პირობებისგან თავდაცვის და გარე საფრთხისგან დამალვის შესაძლებლობამ, ადამიანს საკუთარ სახლთან - ერთ კონკრეტულ გარემოსთან შეჩვევის და ამ გარემოში მეტ-ნაკლები სიმშვიდის შეგრძნება მოუტანა. პანდემიის პირობებში მარტოდ დარჩენილმა ადამიანმა ისევ სახლს - თავის უკვდავ და ნაცად გამოქვაბულს მიაკითხა.

კორპორაციები ინდივიდუალური სახლებიდან იმართება, ამიტომაც კრიზისის დასაწყისში კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აქტუალური, ფაქტობრივად გარდაუვალი ფორმა გამოიყენეს – უზრუნველყვეს დასაქმებული ადამიანების შინ „გადაყვანა“ და იქ დარჩენა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, მათ რეალურ რეჟიმში საქმიანობის შეწყვეტის და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება ქვეყანაში გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი იმით გამოიხატა, თუ რომელმა ბიზნესმა კრიზისის რომელ პერიოდში მიმართა აღნიშნულ გზას, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცა, თუ იმ დროს, როდესაც პანდემია მომძლავრებული იყო. თუმცა დღეისათვის ყველა კორპორაცია, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციური, ცდილობს, თანამშრომლების სახლებიდან მუშაობას ისე უხელმძღვანელოს, რომ არც გუნდურობის შეგრძნება დაკარგოს და არც საქმის მიმართ ინტერესი გააქროს. კორპორაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმა უმთავრესად ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილების იდეას ეყრდნობა და სხვადასხვა კორპორაციაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება – შესაძლოა, ეს იყოს კრიზისის პირობებში შემუშავებული ერთიანი დაზღვევის სოციალური პაკეტი, ან თანამშრომლების დამცავი საშუალებებით აღჭურვა სახლის პირობებში, ასევე სპეციალური ტრენინგების გამართვა, რათა საქმიანობისას (ხელშეკრულებების სველი წესით გაფორმება) მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. აღნიშნული ფორმის მინიმალური გამოვლინება კი თანამედროვე დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის აუცილებელი ზუმშეხვედრების ლიცენზირებული ვერსიაა, რომლითაც თანამშრომელს შინ ყოფნისას მუშაობა უმარტივდება.

2. მამონტებზე ნადირობის სცენა 

გამოქვაბულის ათვისების და მასში თავის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანმა აღნიშნული გამოქვაბულის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება დაიწყო. ისტორიულად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი პირველი ნახატები გამოქვაბულს მიღმა ნანახს და განხორციელებულ ქმედებას ასახავდა. ადამიანი მამონტებს კედლებზე ორი მიზნით კაწრავდა – იმისთვის, რომ მოეხდინა კლასიფიკაცია (მარტივი ფორმით), ანუ გაერჩია მამონტი ვეფხვისგან და იმისთვის, რომ გამოცდილება სხვისთვის გაეზიარებინა. აღწერა ეხმარებოდა ადამიანს უკეთესად დაეგეგმა ნადირობა, გაეთვალისწინებინა ნანადირევის აგებულება, მისი მონადირების მარტივი ხერხი, თავისი საქმე კარგად ეკეთებინა; ჩამოყალიბებულიყო ამ საქმის „პროფესიონალად“ და ამის შემდეგ გაეზიარებინა ეს გეგმა და ცოდნა სხვისთვის, რათა მასაც უკეთესად ენადირა. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობის გადაფასება თვითგადარჩენის, მომავალში საქმიანობის გაგრძელების მიზნით და მეზობელი კომპანიის გადარჩენის მოტივით განისაზღვრება, რადგანაც ერთად ნადირობა უკეთესია, მეტი შანსია მოიპოვო მსუყე ნანადირევი და მტაცებლის თავდასხმასაც გადაურჩე.

B2B კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო გავლენა, ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მსხვილი ბიზნესიდან გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს სწრაფი განვითარების ხელშეწყობასა და კრიზისის პერიოდში კონკრეტული რჩევების გაზიარების მნიშვნელობაზე, რისი საჭიროებაც მკაფიოდ იკვეთება გამოკითხული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების თემატიკაში. რესპონდენტები ადასტურებენ აზრს, რომ აღნიშნულ კონტექსტში ყველაზე დაუცველები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. სწორედ ამიტომ მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის მხარდაჭერის შეთავაზებაა. ქართული რეალობიდან ჯერჯერობით ეს ცალკეული მაგალითები გვაქვს, როგორიცაა ონლაინგაყიდვების პლატფორმის გამართვაში ხელშეწყობა ან ბიზნესსაკითხებზე დისტანციური კონსულტაციის გაწევა.

ეი-სი-თის ბიზნესსაკონსულტაციო პლატფორმის ამოქმედებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა – ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს და ამ კრიზისის შემდგომ კვლავ ჩვენს დამკვეთ ძლიერ კომპანიად იქცეს, რათა მამონტი ერთად მოვინადიროთ.

3. საერთო კოცონი

მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინა, ადამიანმა მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით დაიწყო. ხოლო იმისთვის, რათა გამუდმებით ცეცხლის დანთებაზე დრო არ დაეკარგა, ზრუნავდა კოცონი ყოველთვის ანთებული ჰქონოდა.

როდესაც ადამიანების „დამეგობრებასთან“ ერთად, გამოქვაბულების საერთო პერიმეტრი დავიწროვდა, ცეცხლი ამ საერთო სივრცის შუაში მოექცა, ხოლო ყველა გამოქვაბულის თითოეულ წევრს მასზე ზრუნვა დაეკისრა. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა საერთო ცეცხლის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანაა; თუ წარმოვიდგენთ, რომ ცეცხლი ქვეყნის ეკონომიკა ან საერთო კეთილდღეობაა, კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა სწორედ ამ საერთო ცეცხლის ირგვლივ მყოფი საზოგადოების ცალკეული სეგმენტის (დაუცველი ჯგუფებისთვის ხელის გამართვა, სპორტის ან კულტურული აქტივობების მხარდაჭერა) დახმარებაა.

კოვიდ 19-ის კრიზისისას აღნიშნული ფორმის განსახიერება გახდა პანდემიასთან ბრძოლის საერთო პალტფორმა და მასზე დარიცხული მილიონობით ლარი. კორპორაციებმა საერთო კეთილდღეობისთვის გაიღეს თანხა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესმა ფინანსური დახმარება გაუწია, ან საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტი მიაწოდა (საკვები, საწვავი) დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ერთეულებს. სამშენებლო და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, თანხის ასეთი მიზნობრივი გადაცემა მათ უმარტივებს სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში ჩართვას და აზღვევს შეცდომის დაშვებისგან – თავად განსაზღვრონ საჭიროების მქონე ჯგუფი და მათი საჭიროება აღნიშნულ კრიზისში. კორპორაციული პასუხისმგებლობის ამ ფორმას, მისი სიმბოლური სახის – ცეცხლის მსგავსად, გადამდები ეფექტი ახასიათებს; ერთი მხრივ, ეს სხვა კორპორაციებისთვის ერთგვარი მაგალითი და ბიძგია, თავადაც გაიღონ თანხა საერთო პრობლემის დასაძლევად; ხოლო, მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მაგალითს განვაზოგადებთ, შესაძლებელია ისეთი აქციის დაგეგმვაც, რომელშიც არა მარტო კორპორაციები, არამედ რიგითი ადამიანებიც ჩაერთვებიან, ხოლო ბიზნესი ერთგვარ შუამავლად იქცევა. მაგალითად, თუ აქციით შეიძენდით უძრავ ქონებას, თქვენ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პანდემიის დაძლევის ფონდში გადაირიცხებოდა.

4. ბარძაყის ძვალი

ერთხელ, ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგ მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა, რას მიიჩნევდა ის ცივილიზაციის პირველ ნიშნად. მეცნიერული კუთხით მოსალოდნელ პასუხებს შორის სტუდენტი ფიქრობდა, რომ მეცნიერი დაასახელებდა თიხის ჭურჭელს, ნადირობის იარაღს, ან კომუნიკაციის საშუალებად ცეცხლის გამოყენებას, თუმცა ანთროპოლოგმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად მიიჩნია 15 000 წლით დათარიღებული და თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი ბარძაყის ძვალი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა, რომ გატეხილი იყო და შეხორცდა. აღნიშნული ძვალი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდია. ის ქმნის მენჯ-ბარძაყის მამოძრავებელ სისტემას, რომელიც ადამიანის გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა. მისი დაზიანების შემთხვევაში, რეაბილიტაციას საშუალოდ 4-6 თვე სჭირდება. მიდის განმარტებით, ველურ პირობებში, როდესაც ცხოველი იტეხს ფეხს, ის კვდება, რადგანაც ვერ მოიპოვებს საკვებს, ვერ გადაადგილდება, რათა თავდამსხმელს გაექცეს, ვერ პოულობს წყალს. ადამიანის ბარძაყის შეხორცებული ძვალი, ანთროპოლოგის განმარტებით, იძლევა ინფორმაციას, რომ ვიღაცამ დახარჯა დრო და რესურსი, მოუარა და უმკურნალა ავადმყოფს, იზრუნა მის საკვებსა და წყალზე, დაიცვა ან გამოჯანმრთელებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. სწორედ გამთელებული ბარძაყის ძვლით – სხვა ადამიანზე ზრუნვით იწყება ცივილიზაცია.

კორპორაციული პასუხისმგებლობის გადაფასებული აღქმა, რომელიც მშრალი ერთჯერადი ქველმოქმედებიდან – თანამშრომლის გაფრთხილებით, სხვებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, მიზანმიმართული და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობის დაფინანსებით შეიცვალა, ქართულ რეალობაში ეტაპობრივად ვითარდება; თუმცა, ვფიქრობ, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი ცივილიზაციის ნიშანი ,,გამთელებული ბარძაყის ძვლებია“, ანუ ის შენარჩუნებული თანამშრომლები, რომლებიც კრიზისის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან, რადგანაც ყველაზე რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და მათზე იზრუნეს; რადგანაც პანდემიის დასასრულს სწორედ შეუხორცებელ ბარძაყის ძვლებს დაითვლიან; ეს იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიღმა, პანდემიით გამოწვეული მორალური ზიანის საზომი და თითოეული ჩვენგანი დაფიქრდება, რამდენი გამთელებული ძვალია მის სახელზე.

ავტორი: ნინო კალანდია

კვლევის მენეჯერი, ACT BUSINESS


მეტის ნახვა

ნაყინის მოხმარება

ზაფხულის ცხელი დღეები ნაყინის გარეშე წარმოუდგენელია. ალბათ ყველასთვის ადვილი შესამჩნევია საქართველოში ნაყინის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენცია – როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე უცხოური წარმოების პროდუქციის დისტრიბუტორები ნაყინის გემოების თუ სახეობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს.


ეისითიმ გამოავლინა ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელები გრილდებიან თუ არა ნაყინით და აღნიშნული ნუგბარის რომელ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას.


კვლევის თანახმად თბილისელთა ნახევარი (49%) ნაყინის აქტიური მომხმარებელია – კვირაში რამდენჯერმე ან უფრო ხშირად მიირთმევს ნაყინს. დედაქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მეოთხედი (24%) კი ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია – ცხელ სეზონზე ნაყინის გარეშე ვერცერთი დღე ვერ ძლებს და ყოველდღე მიმართავს გაგრილების აღნიშნულ საშუალებას.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისელთა ერთი მეხუთედი (20%) ზაფხულის ცხელ დღეებშიც საერთოდ უარს აცხადებს ნაყინის მოხმარებაზე.


კვლევის თანახმად, თბილისელი მომხმარებლები ნაყინს ძირითადად სახლში მიირთმევენ (90%), თუმცა ერთი მეოთხედი (23%) ქუჩაში, 15% კი კაფეებსა და ბარებში მიირთმევს ნაყინს.

რაც შეეხება სხვადასხვა სახეობის ნაყინებს, თბილისელებში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ვაფლის ჭიქის ნაყინი – მომხმარებელთა ნახევარი (51%) სწორედ აღნიშნული სახეობის ნაყინს მიირთმევს ყველაზე ხშირად.

თბილისელ მომხმარებელეთა ერთი მეხუთედი (22%) ესკიმოს (ნაყინი ჯოხზე) ანიჭებს უპირატესობას, ერთი მეათედი (12%) კი საოჯახო ტიპის ნაყინს მიირთმევს ყველაზე ხშირად.


საინტერსესო განსხვავებები დაფიქსირდა ასაკის ჭრილში: როგორც კვლევამ აჩვენა, უფროსი თაობის (55 წლის და მეტის) წარმომადგენლები მხოლოდ 3 სახეობის ნაყინს მიირთმევენ – ვაფლის ჭიქას (63%), ესკიმო (24%) და საოჯახო (10%). მაშინ როდესაც 18-34 წლის ახალგაზრდები, დასახელებული 3 სახეობის ნაყინთან ერთად, აქტიურად მოიხმარენ სხვა სახეობის (ასაწონი, ჩამომსასხმელი, სენდვიჩი და სხვ) ნაყინებსაც.


გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის ივნისიში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.


მეტის ნახვა

ყოველ მეხუთე თბილისელს ჰყავს შინაური ცხოველი / ფრინველი

"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის 20%-ს ჰყავს შინაური ცხოველი/ფრინველი.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ძაღლი (60%). აღსანიშნავია, რომ პოპულარობით მეორე ადგილზე არა კატა (10%), არამედ თუთიყუშია (28%).

შინაური ცხოველის/ფრინველის მეპატრონეებს, მათი მოვლისთვის თვეში საშუალოდ 38 ლარი ეხარჯებათ. 

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერშიმონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-გამოყენებული მეთოდი  პირისპირ ინტერვიუ.

მეტის ნახვა

შეკითხვა: ქცევის ეფექტი როგორ შეიძლება კვლევამ გავლენა მოახდინოს ქცევაზე?

დაახლოებით 30 წლის წინ, ახალგაზრდა ჯოს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. იგივე შეკითხვა დაუსვეს ბევრ სხვა ადამიანსაც. კვლევის დასრულებისას გამაოგნებელი შედეგები მიიღეს. ისინი, ვისაც ჰკითხეს აპირებდნენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უფრო მეტი ალბათობით აკეთებდა ამას, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. უბრალო შეკითხვა განზრახვის შესახებ აღმოჩნდა ქცევის მასტიმულირებელი (Greenwald, Carnot, Beach, & Young, 1987).

ზემოაღნიშნულ ფენომენს უწოდებენ ,,შეკითხვა-ქცევის ეფექტს“  - სამომავლო ქცევის შესახებ დასმული კითხვა გავლენას ახდენს ამ ქცევის განხორციელებაზე (Morwitz & Fitzsimons, 2004).

თუ კითხვის დასმა სამომავლო ქცევაზე ახდენს გავლენას, ,,შეკითხვა-ქცევის ეფექტი“ ბაზრის კვლევებში უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ სტატიაში, ,,შეკითხვა-ქცევის ეფექტს“ მოვიაზრებთ, როგორც ,,წმინდა პრომოუტერის ქულას“. ეს უკანასკნელი სვამს შეკითხვას: ,,ურჩევდით თუ არა ჩვენს კომპანიას თქვენს მეგობარს ან კოლეგას? 

რესპოდენტები ნაწილდებიან შემდეგი სამ კატეგორიად:

  • პრომოუტერები – მონაწილეები, რომლებიც სავარაუდოდ რეკომენდაციას გაუწევენ კომპანიას;
  • პასიურები – მონაწილეები, რომლებიც არც ურჩევენ და არც არ ურჩევენ კომპანიას
  • კრიტიკოსები – მონაწილები, რომლებიც სავარაუდოდ უარყოფით მოსაზრებებს გაავრცელებენ კომპანიაზე.


არსებობს ორი ძირითადი თეორია იმის თაობაზე თუ როგორ ზემოქმედებს ქცევაზე ,,შეკითხვა-ქცევის ეფექტი“.

1. განწყობებზე წვდომის გაზრდა - შეკითხვაზე პასუხის გაცემის ძირითადი შედეგი არის ის, რომ ჩვენს გონებაში განწყობები უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება (Morwitz et al., 1993). მაგალითად, მორვითსმა და ფითზსიმონსმა (Morwitz & Fitzsimons (2004) დაადგინეს, რომ კვლევის მონაწილეები, რომელთაც ჰკითხეს შოკოლადის ფილას შეიძენდნენ თუ არა, მეტი ალბათობით შეიძენდნენ იმ ბრენდს, რომლის მიმართაც დადებითად იყვნენ განწყობილი.

2. იარლიყის ხელმისაწვდომობის გაზრდა - აქ იარლიყი მიუთითებს მეხსიერებაში აღბეჭდილ სურათს "თუ სად იდო ნივთი". თეორიის მარტივი ახსნა მდგომარეობს შემდეგში: შეკითხვა გვახსენებს რაიმე ქცევის შესრულებას, რითაც მეტია ალბათობა რომ ამას მართლა გავაკეთებთ მომავალში (Morwitz et al., 1993; Morwitz & Fitzsimons, 2004).

რა არის წმინდა პრომოუტერის ქულის გამოვლინებები?

არსებობს მოსაზრება, რომ ,,პრომოუტერები“, რომელთაც დაუსვეს ,,წმინდა პრომოუტერის შეკითხვა“ მეტი ალბათობით გაუწევენ რეკომენდაციას კომპანიას მომავალში. ,,პრომოუტერებს“ დადებითი განწყობა აქვთ კომპანიის მიმართ და მათ განწყობებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება თუ დაუსვამენ შეკითხვას (Morwitz et al., 1993).

კვლევის დასრულების შემდეგ დიდი დროც რომ გავიდეს, ისინი მაინც გაუწევენ რეკომენდაციას კომპანიას, რადგან პოზიტიური "შეკითხვა-ქცევის ეფექტი" კითხვის დასმიდან 6 თვე შეიძლება გაგრძელდეს (Spangenberg, 1997).

თუმცა როგორც უვე ვახსენეთ, არსებობენ ასევე კრიტიკოსებიც, რომელთაც კომპანიის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვთ და ამ განწყობაზე კითხვის დასმის შემდეგ წვდომა გაიზრდება... (Reichheld, 2003). საბედნიეროდ, განწყობების წვდომის გაზრდა უფრო მეტად იმ მონაწილეებს ეხებათ, რომელთაც დადებითი განწყობა აქვთ (Morwitz & Fitzsimons, 2004);

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,შეკითხვა-ქცევის ეფექტს“ მომხმარებელთა ერთგულების კვლევების მონაწილეებს მეტ მოტივაციას მატებს და უბიძგებს გაუწიონ რეკომენდაცია კომპანიას მეგობრებთან, ოჯახსა და კოლეგებთან!

*ავტორი: James McNeilis, B2B International

მეტის ნახვა
arrow-up